კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს ვებგვერდზე!

ვისაც გაინტერესებთ კინოგანათლება,

ვისაც გაინტერესებთ კინოფესტივალი,

ვისაც, საერთოდ, გაინტერესებთ კინო, საბავშვო-საყმაწვილო კინო, მაშინ თქვენი არჩევანი სწორია!


საქართველო მუდამ იყო განთქმული თავისი მაღალპროფესიული და მაღალმხატვრული კინემატოგრაფით, რომლის ცალკეულ ნიმუშებს არაერთ კინოფესტივალზე მიუღიათ სხვადასხვა სინჯის პრესტიჟული ჯილდოები. ეს პროცესები დღესაც გრძელდება.

ასოციაცია „სინერამას“ მოკრძალებული ნიშა უკავია ჩვენს ქვეყანაში მომავალი თაობების არააკადემიური, არაფორმალური კინოგანათლების პოლიტიკის ხელშეწყობასა და საერთაშორისო კინოღონისძიებების მოწყობაში.


ასოციაცია ახორციელებს ორ პროექტს:

1. საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა

საქართველოს ქალაქებში – აბაშასა (2015-2018 წწ.) და ქუთაისში (2016-2017 წწ.) მოეწყო ექვსი საზაფხულო კინოსკოლა, რომლებშიც თეორიული და პრაქტიკული წრთობა გაიარა დაახლოებით 200-მა ადგილობრივმა ბავშვმა და მოზარდმა. ამ ხნის განმავლობაში მათ გადაიღეს 20 სამოყვარულო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი, რომლებიც გაიგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალზე. ზოგიერთმა მათგანმა მოიპოვა საპატიო პრიზები. ასოციაცია „სინერამას“ საზღვარგარეთულ კინოფესტივალებთან და საბავშვო-საყმაწვილო კინოსტუდიებთან ჩამოუყალიბდა მჭიდრო მეგობრული და პროფესიული ურთიერთობები.

იხილეთ კინოსკოლა

2. აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი

2017 წელს დაფუძნდა აბაშის კინოფესტივალი, რომელზეც, ქართველი ნორჩი კინემატოგრაფისტების ნამუშევრების გარდა, წარმოდგენილია მათივე თანატოლების სამოყვარულო კინოპროდუქცია მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნიდან. თითოეული ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. კინოფესტივალის პრიზია - „ოქროს ბატიბუტი“, რომელიც გაიცემა შვიდ ნომინაციაში – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო კინოკამერა, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი გოგონა, საუკეთესო მსახიობი ბიჭი, საუკეთესო იდეა. კინოფესტივალის პროგრამას განსჯის საერთაშორისო ჟიური სამი წევრის შემადგენლობით. კინოფესტივალის დღეებში, მონაწილეთა რანგში, აბაშას სტუმრობენ როგორც უცხოური დელეგაციები, ისე ყმაწვილები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

იხილეთ კინოფესტივალი