საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა


ასოციაცია „სინერამა“ საქართველოს რეგიონალურ ქალაქებში აწყობს საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლებს, რომლებშიც კინოთი დაინტერესებული მოზარდები სწავლობენ. ისინი ეუფლებიან კინოხელოვნების თეორიულსა და პრაქტიკულ ანბანს და იღებენ სამოყვარულო მოკლემეტრაჟიან ფილმებს. კინოსკოლა მიმდინარეობს ორი კვირის განმავლობაში და მისი მიზანია არააკადემიური, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა საჯარო სკოლების VII-XI კლასების ყმაწვილებში, ზაფხულში, როდესაც ისინი არდადეგებზე იმყოფებიან.

სასწავლო და პრაქტიკული პროცესების მომზადებაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია და საჯარო სკოლის (ან სკოლების) ხელმძღვანელობა. პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაციები ვრცელდება მასმედიისა და ინტერნეტის საშუალებით. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპეციალური გამოკითხვის ან წერილობითი მოტივაციის წარდგენის საფუძველზე, კინოსკოლაში ჩასარიცხად, არჩევს ზემოთ აღნიშნული კლასების 30-35 მოსწავლეს.

პროექტი მიმდინარეობს კონკრეტული რეგიონალური ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ან მოსწავლეთა სასახლის ბაზაზე და მას უძღვებიან ასოციაცია „სინერამას“ მიერ შერჩეული სპეციალისტები.

კინოსკოლის პედაგოგები:

ზვიად დოლიძე – კინოს ისტორია

გიორგი ფხაკაძე – კულტურის მენეჯმენტი

გიორგი ხარებავა – კინოდრამატურგია და კინორეჟისურა

დავით გუჯაბიძე – კინოსაოპერატორო ხელოვნება

ქეთევან ჯანელიძე – კინოწარმოება და ანიმაცია

ზურაბ ორთავიძე – კინოაპარატურა

გათვალისწინებულია ორი საპატიო სტუმრის მოწვევაც – კინოსკოლას, კვირაში ერთხელ, ერთი დღით, ეწვევა ერთი ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტი (რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობი და ა. შ.), რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს, ხოლო საღამოს გაიმართება მისი რომელიმე კინოსურათის ჩვენება, როგორც კინოსკოლის მოსწავლეების, ისე ადგილობრივი ფართო მაყურებლისათვის.

კინოსკოლის პირველ ფაზაში მოსწავლეები ესწრებიან თეორიულ საგნებს და ამუშავებენ სცენარებს, ხოლო მეორე ფაზაში იყოფიან გადამღებ ჯგუფებად და თეორიულ სასწავლო პროცესში მიღებულ უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში – კინოგადაღებასა და მონტაჟში.

მათი ფილმების პრემიერა შედგება კინოსკოლის საზეიმო დახურვაზე. ყველა მოსწავლე ჯილდოვდება სერტიფიკატით. კინოსურათებს უკეთდება ინგლისური ტიტრები და სუბტიტრები და იგზავნება საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალებზე.

2015 წლის ივლისში "სინერამამ" ჩაატარა პირველი ღონისძიება – საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა აბაშაში, რომელშიც მონაწილეობდა ადგილობრივი საჯარო სკოლების 30 მოსწავლე. ამ დროს გაკეთებული კინოპროდუქცია – მოკლემეტრაჟიანი (დაახლ. 7-10 წთ.) მხატვრული და დოკუმენტური ფილმები 2016 წლის იანვრიდან დაიგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ კინოფესტივალებზე.

იმავე წლის მაისში აბაშური კინოსურათები ჩაერთვნენ თბილისის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის "ოქროს პეპელა" კონკურსში. ფილმმა "სკოლა" მიიღო ამ კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მონტაჟისათვის, გიგი ქორჩილავამ – პრიზი საუკეთესო მსახიობი ბიჭისათვის (კინოსურათი "ველოსიპედი"), ხოლო თავად ფილმმა "ველოსიპედი" დაიმსახურა კინოფესტივალის მთავარი პრიზი. 2016 წლის მიწურულს ეს ნამუშევარი დაჯილდოვდა რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის "მაყურებლის სიმპათიის" პრიზით.

2016-2018 წლების ზაფხულში ასოციაციამ კვლავ ჩაატარა საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლები აბაშაში და ქუთაისში. ამის შედეგად გადაღებული ფილმები გაიგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე და რამდენიმე მათგანმა დაიმსახურა მნიშვნელოვანი პრიზები უკრაინაში, ხორვატიაში, გერმანიასა და საბერძნეთში.